ტერეზა მეი ბორის ჯონსონს პრემიერობას ულოცავს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ბორის ჯონსონს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
როგორც მეიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა, ახლა საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რომ „ბრექსიტი“ ბოლომდე იქნას მიყვანილი.
„ვულოცავ ბორის ჯონსონს კონსერვატორების ლიდერად არჩევას. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა “ბრექსითის” შესასრულებლად და იმისთვის, რომ ჯერემი კორბინს მთავრობაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ. თქვენ ჩემი სრული მხარდაჭერა გექნებათ“, – დაწერა ტერეზა მეიმ.
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ ლიდერად დაასახელა, რაც ავტომატურად ნიშვავს იმას, რომ ის ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა.
ბორის ჯონსონი უფლებამოსილების შესრულებას 24 ივლისს შეუდგება.
ტერეზა მეიმ პრემიერმინისტრის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-თან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი გეგმის რატიფიცირება ვერ მოახდინა.
ბორის ჯონსონმა კი, თავის დროზე, თანამდებობა სწორედ მეის გეგმების გამო 2018 წელს დატოვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შიდაპარტიული კამპანიის დროს, ჯონსონი პირობას დებდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გაიყვანს, იქნება ეს შეთანხმების საფუძველზე თუ მის გარეშე.