ბექა დავითულიანი – „აღნიშნული თემის გარშემო გაუგებარი ხმაურის ატეხვის მცდელობა, ნიშნავს იმას, რომ ხელი შევუშალოთ სპორტული ობიექტის შენარჩუნებას“

0

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობის შესახებ განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება, არ მოგვწონდეს წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებები, არსებობს სამართალმემკვიდრეობა, რომელსაც ვერავინ გაექცევა.
დავითულიანის განმარტებით, „ვისოლ ჯგუფს“ წინა ხელისუფლების დროს გადაეცა  დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული სპორტული კომპლექსი და მათ აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება გადაწყვიტეს.
„ვინაიდან მუნიციპალიტეტმა მიიჩნია, რომ ქალაქის განვითარებისთვის სპორტული კომპლექსის საცხოვრებელი უბნით ჩანაცვლება არამიზანშეწონილი იქნებოდა, „ვისოლ ჯგუფს“ ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ვისოლ ჯგუფისა“ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები შეაფასა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გადაწყდა კონკრეტული მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თემის გარშემო ხმაურის ატეხვისა და ამ მონაცვლეობის ჩაშლის მცდელობა, ნიშნავს იმას, რომ ხელი შევუშალოთ სპორტული ობიექტის შენარჩუნებას ქალაქისთვის. „აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მერიას აქვს სწორი მიდგომა- სპორტული კომპლექსი უნდა იქნას შენარჩუნებული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი