უსუფაშვილი თადუმაძეზე: მინდობილი საქმეებიდან ასე როგორ და რატომ გარბიან, კაციშვილი არაა ამის მომკითხავი

0

„შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი პარლამენტს ურჩევს, უზენაეს სასმართლოში ოცივე ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები არ დანიშნოს. უსუფაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, 4-5 მოსამართლის დანიშვნა გადატვირთულობის პრობლემას მოაგვარებს  – ამის შესახებ უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
უსუფაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის პროცესის შეაფასა და მთავარ პროკურორზე შალვა თადუმაძეზეც ისაუბრა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.
„სამწუხაროდ, ვითარება სასამართლოებში და სასამართლოების გარშემო დიდი ხანია, გასცდა ნორმალურს, სახელმწიფოებრივს. სასამართლოსა და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი პროცესებია, როდესაც ეს სფერო იქცა საძალაუფლებო, მკლავჭიდის ასპარაზედ. ამის გამოვლინებაა მიმდინარე პროცესები.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა 1 წლის წინ: გადადგა მთავარი პროკურორი შოთაძე და იმ კრიზისულ ვითარებაში, პროკურატურისადმი ნდობის გასაზრდელად, პროცესის ნორმალიზაციისთვის შეირჩა ახალი მთავარი პროკურორი, ბატონი თადუმაძე. ამ ადამიანს კრიზისში მყოფი უწყება ჩაბარდა. ახლა  მოქმედი მთავარი პროკურორი გასაუბრებაზეა იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობა მომინდაო. ეს სრულიად გაუგებარია. ეს ან იმ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როცა მან 1 წელიწადში საქმეების ბუღი დააყენა სასამართლოში, თუ რამე პრობლემა იყო ყველა გადმოიღო თაროდან, პროკურატურა გამართულია, ნდობა გაზრდილი, საზოგადოება პროკურატურის იმედზეა და მშვიდად სძინავს, დაამთავრა საქმე და ახლა სხვაგან უნდა წასვლა, ან იმას, რაც ჩააბარეს, ვერ გაუმკლავდა და იქედან წასვლა უნდა. მან აგვისხნა რამე, რატომ მიდის პროკურატურიდან?
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – გვენეტაძე ისე გამოგვეცალა ხელიდან, ვერც კი გავიგეთ, რა მოხდა. ახლა მთავარი პროკურორი რაღაც  მანევრებს აკეთებს, მისი მოადგილეც, სხვათა შორის. რა ხდება ამ ქვეყანაში, მინდობილი საქმეებიდან ასე როგორ და რატომ გარბიან, კაციშვილი არაა ამის მომკითხავი – თუნდაც ამ კუთხით შევხედოთ.
ჩემი რჩევაა პარლამენტისადმი, 20 ვაკანტური ადგილის შევსება არ მოინდომონ. ჩემი ღრმა რწმენით, მაქსიმუმ 4-5 მოსმართლე უზენაეს სასამრთლოში მოაგვარებდა დატვირთულობის პრობლემას, თუ რამე არსებობს სასამრთლოში. ჩემი რჩევაა დანარჩენი მოსამართლეების ადგილების ვაკანტურად დატოვება და მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად გადატანა. მომავალი პარლამენტი ვერ იქნება ერთპარტიული და, შესაბამისად, დანიშნულ მოსამართლეებს არ ექნებათ ერთპარტიულობის დამღა. დღეს ვინც   უნდა დაინიშნოს სასამართლოში, ყველაზე უფრო ავტორიტეტული ხალხიც კი, სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, მიეწებებათ „ქართული ოცნების“ რჩეულის დამღა, რაც პრობლემური იქნება ხვალინდელი საქმეებისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი