როგორ უპასუხა თადუმაძემ ადეიშვილზე დასმულ კითხვას – “გემოვნებაზე ვერ მოვაწყობთ საპროკურორო სისტემას”

“პოლიტიკურია განაცხადი, რომ რაღაც „კლანი“ არსებობს. მაშინ პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაწერონ კანონში, რომ პროკურატურაში არსებობს „თადუმაძის კლანი“, რომელთან დაკავშირებულ პირებსაც ეკრძალებათ საპროკურორო საქმიანობა და მათ ყველა საქმიანობა აეკრძალებათ. სხვა შემთხვევაში, გემოვნებაზე ვერ მოვაწყობთ სისტემას”, – ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამაროთლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის კითხვას გასაუბრებაზე.
ანა დოლიძემ თადუმაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, რა დამოკიდებულება ექნებოდა, დღეს რომ ადეიშვილი ყოფილიყო თბილისის პროკურორი და საპროკურორო საბჭოში ამას სამართლიანობის აღდგენის პრობლემად შეეფასებინათ.
“მაინტერესებს, დღეს ზურაბ ადეიშვილი რომ იყოს ქალაქ თბილისის პროკურორი და თქვენ, საპროკურორო საბჭოში ვიღაცები ამბობდნენ, რომ სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებით ეს არის პრობლემაო, რა დამოკიდებულება გექნებოდათ?!”, – მიმართა დოლიძემ თადუმაძეს.
გენერალურმა პროკურორმა განმარტა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა იმ დროინდელ სისტემაზე და დასძინა, რომ თუ კანონი აუკრძალავდა წინა ხელისულფებისდროინდელი პროფესიონალი კადრების დასაქმებას, მაშინ ის შესაბამისად მოიქცეოდა.
“როგორც მოქალაქე თადუმაძეს ჩემი დამოკიდებულება მქონდა იმ სისტემაზე, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა და როგორც გენპროკურორს, იგივე გამოწვევა მქონდა, მათ შორის, დანიშვნის დროს და მათ შორის, პარლამენტის მხრიდან. ახლაც ხშირად ვისმენ განცხადებებს, რომ იქ მუშაობენ ადეიშვილის კადრები და ადეიშვილის დროს რომ პროკურორი იყო, როგორ შეიძლება იყოს დღესაც პროკურორი. ორივე მიმართულებით იურიდიული კვალიფიკაცია არის მაღალი. მე ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ჩვენს სისტემებში არ არის სწორი. თუ კანონში ჩამიწერენ, რომ ადეიშვილის დროს ნამუშევარი პროკურორი არ უნდა მუშაობდეს საქართველოს პროკურატურაში, მე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებ, მაგრამ თუ პოლიტიკოსს არ მოსწონს, რომ ადეიშვილის დროს მიღებული პროკურორი მუშაობს პროკურატურაში, მე გადაწყვეტულებას არ მივიღებ სანამ, იმ დროს დანიშნული პროკურორი არ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლითაც იგი აღარ იმუშავებს საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება განცხადებებს “კლანი” და ა.შ. შეიძლება პროკურატურაშიც ასეთი ტერმინები გაავრცელონ ან თქვან, რომ იქ რაღაც “კლანი” არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა. თქმა იმის, რომ არსებობს რაღაც „კლანი“, ეს ხომ პოლიტიკურია? პოლიტიკურია განაცხადი, რომ რაღაც „კლანი“ არსებობს. მაშინ პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაწერონ კანონში, რომ პროკურატურაში არსებობს „თადუმაძის კლანი“ და „თადუმაძის კლანთან“ დაკავშირებულ პირებს ეკრძალებათ საპროკურორო საქმიანობა და მათ ყველა საქმიანობა აეკრძალებათ. სხვა შემთხვევაში, გემოვნებაზე ვერ მოვაწყობთ სისტემას. ჩემს სისტემაში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დროს მუშაობდა და რომელიც ჩემი მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ სასამართლო პროცესებზე. თუ რამე მაკავშირებს მათთან, მაკავშირებს მეგობრობა”, – განაცხადა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები