დავით უსუფაშვილი: ქიბარ ხალვაშის უკან სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერას ვხედავ

0

“ქიბარ ხალვაშის უკან მე ვხედავ სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
“ქიბარ ხალვაშის უკან მე ვხედავ სახელისუფლებო გუნდის სრულიად აშკარა პოლიტიკურ, მორალურ თუ ყველანაირ მხარდაჭერას. ეს ყოველდღე ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მხრიდან სრულიად აშკარად გამოსჭვივის.
ქიბარ ხალვაშს ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელმაც, პირდაპირი გაგებით, გააკულაკა.  ამის თაობაზე არაპირდაპირი ინფორმაცია მქონდა პარლამენტში მისი დის, ფატი ხალვაშისგან, რომელსაც ჯერ კიდევ 2016 წელს ჩემთან ღიად აქვს ნათქვამი, რომ ამდენი დრო გავიდა და ქიბარის პრობლემები ვერ გვარდებოდა – არა „რუსთავი 2-ის“ თემა, არამედ დანარჩენი ბიზნესებისა და ქონებების. დღევანდელი მდგომარეობა როგორია, მე არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ხალვაშის ცხოვრების ინტერესი არასდროს ყოფილა მედია.
მას თავის დროზე „რუსთავი 2“ ჯერ გადაუფორმეს მისი ინტერესისა და მცდელობის გარეშე, შემდეგ წაართვეს მისი თავისუფალი ნების გარეშე. ახლაც, ამ დავებში, არ  მგონია, ის, როგორც სამართლიანობის აღდგენის მებრძოლი, ყოფილიყო ჩართული. აქ იყო კონტექსტი, ზოგადად იმისა, რომ „რუსთავი 2-ის“ დე ფაქტო მფლობელი იყო სააკაშვილი, ამაზე ყველაზე ნათლად ის მეტყველებს, რომ მესაკუთეები, ვისაც წილი წაერთვათ, ხალვაშის სასარგებლოდ, ისინი არ ჩანან არსად. ძმები ყარამანიშვილები  რომ ფორმალური მესაკუთრეები იყვნენ  ქაღალდზე, არც ესაა ვინმესთვის სიახლე. 2004 წლიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, „რუსთავი 2-ის“ გარშემო ეს აურზაურია, არის მცდელობა იმისა, რომ ტელევიზია ან პარტიული პროპაგანდის იარაღად იქნას გამოყენებული, ან ეს იარაღი ჩახშობილი იყოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი