უსუფაშვილი ოქრუაშვილის განცხადებაზე: თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა – ბინძური თეთრეულის კონტექსტში ჩვენი შეხვედრის მოხსენიება

0

“სამწუხაროდ, ეს არ იყო ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან პირველი მსგავსი ქმედება, როცა ბინძური თეთრეულის კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი sms და ჩემი სახელი. ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა – ბინძური თეთრეულის კონტექსტში 2014 წელს ჩვენი შეხვედრის მოხსენიება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილი „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, 2014 წელს ადგილობრივი არჩევნებისას გორში მერობაზე კენჭისყრას აპირებდა და „ქართულ ოცნებასთან“ საერთო ენის გამონახვა სურდა. მისი თქმით, ამისთვის შუამავლობა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს სთხოვა. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, უსუფაშვილმა მას სმს-ით ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა და ამის შემდეგ, კი გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ შოთაძემ ჩვენების მიცემა მოსთხოვა იმ სახით, რა სახითაც მიცემული აქვს.
დავით უსუფაშვილმა 2014 წელს მასსა და ოქრუაშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ დღეს ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა ოქრუაშვილის თხოვნით შედგა. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილმა უთხრა, რომ ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა სურდა და პროკურატურისთვის საინტერესო ბევრ საქმეზე ჩვენებების მისაცემად იყო მზად.
„მოგახსენებთ 2019 წელს განხორციელებული ზარის შესახებაც და 2014 წელს შემდგარი შეხვედრის შესახებაც. გუშინ დილით დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მკითხა, ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ მას გაესაჯაროებინა ჩვენი შეხვედრის ფაქტი 2014 წელს იუსტიციის სახლში, ჩემს სამუშაო ოთახში. მე ვუთხარი, რომ კონფიდენციალურად და დამალულად არ შევხვედრივარ მაშინ და არავითარი პრობლემა მქონდა თუ თვითონ, ან ვინმე სხვა ამ თემაზე ისაუბრებდა. მე, ცხადია, დავადასტურებდი ამ შეხვედრის ფაქტს. შემდეგ იყო მისი პრესკონფერენცია, სადაც მოვისმინეთ არა მხოლოდ ამ ფატის შესახებ, არამედ – მისი თავისუფალი ინტერპრეტაციები. ამიტომ მოგახსენებთ ზუსტად, ამომწურავად, რა მოხდა 2014 წელს. დამირეკა ოქრუაშვილმა, მთხოვა შეხვედრა. შევხვდით და ამ შეხვედრაზე მთხოვა, ბიძინა ივანიშვილამდე მიმეტანა მისი სურვილი ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე და მისი მზაობა მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე მნიშვნელოვანი ჩვენებების მიცემის შესახებ. მან მითხრა, რომ სურს ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა და მზად არის ჩვენებების მისაცემად პროკურატურისთვის საინტერესო ბევრ საქმეზე. ამის შესახებ გადავეცი ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს. ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, ეს იყო ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ შოთაძე დაუკავშირდება, დანარჩენზე მერე ვისაუბრობოთო. ეს მესიჯი გადავეცი ოქრუაშვილს და ამით ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამოიწურა.
რატომ მომაკითხა მე ოქრუაშვილმა? ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ხნის ურთიერთობა ჩემთან აკავშირებდა. 1992 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს. იყო დეტალებზე საუბარი, თუ რა ჩვენებებს აპირებდა ან რომელ საქმეებზე? ჩემთან არანაირი საუბარი ამის თაობაზე არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. შემდგომ განვითარებულ მოვლენებში დავინახე ამ კომუნიკაციის კვალი? დიახ, დავინახე იმიტომ, რომ ყველამ ერთად დავინახეთ ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში შესული და გამოსული, სხვადასხვა საქმეზე დაკითხული და ჩვენებამიცემული. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობას ივანიშვილსა და ოქრუაშვილს შორის – ეს როგორ დამთავრდა, აღარ ვიცი, გასაგები მიზეზების გამო.
სამწუხაროდ, ეს არ იყო ირაკლის მხრიდან პირველი მსგავსი ქმედება, როცა ბინძური თეთრეულის კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი sms და ჩემი სახელი. ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა – ბინძური თეთრეულის კონტექსტში იმ შეხვედრის მოხსენიება, რომელზეც მოგახსენეთ, ასევე, ჩემი სახელისა და იმ sms -ის მოხსენიება. თუ რაიმე ბინძური ჩაიდინა მან შემდგომ ურთიერთობაში შოთაძესთან თუ სხვებთან, ამ სიბინძურეებზე ჯობს, თავად ილაპარაკოს და ერთად ილაპარაკონ. სამწუხაროდ, პირველი არ არის ასეთი სტილი მის ცხოვრებაში, მაგრამ რა ვქნა. მასთან ადამიანურად მაკავშირებს წლების განმავლობაში, 1992 -1995 წლებში შავი პურის რიგში ერთად დგომა საათობით, ფეხით სიარული ქალაქის ცენტრიდან ვარკეთილის პლატოზე, როცა მეტრო არ მუშაობდა, შემდეგ „კერასინკაზე“ გამთბარი ხელებით კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა. მის ოჯახთან ურთიერთობა, ყველას ვიცნობ. ამიტომ თავს ვიკავებ და ვიკავებდი ამ რაღაცა ხაზების წაშლისგან. რადგან ამ ტერმინებში გაახვია ეს შეხვედრა, იძულებული ვარ, ვთქვა, რომ თუ რამე სიბინძურეა, ამ ყველაფრის ასე წარმოჩენაა სიბუნძურე, რომ ჩემი სახელი, შეხვედრა, sms, თითქოს, იყო რაიმე დამალული , არაეთიკური, კანონდარღვევა, ცუდ საქმეზე საუბარი და ა.შ. თუ ვინმესთან ცუდ საქმეებზე ისაუბრა, მათ შორის, ჩვენებების ასე თუ ისე მიცემაზე, ვის რაზე შეუთანხმდა, ამაზე, ალბათ, თავად უნდა ისაუბროს.
რაც შეეხება ამ ყველაფრის კონტექტს – ეს, როგორც ვხდები, გამოიწვია დვალის მიერ მისი ჩვენების გასაჯაროებამ. ამის საპასუხოდ თქვა, რომ მე ასეთ ვითარებაში მივეცი ჩვენებებიო. მერე რა? ანუ, ივანიშვილისგან გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ტყუილები ილაპარაკა? თუ ამას გვეუბნება, ამით რამე კარგს ამბობს სათავისოს? თუ სიმართლე ილაპარაკა, მაშინ რა შუაშია, როდის და რა კონტექსტით ილაპარაკა? არც ჩვენები მაქვს ნანახი, არც დეტალები, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა. მგონი, თუ არ მეშლება, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზეც უნდა ჰქონდეს ჩვენები მიცემული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი