„აბსოლუტურად მიუღებელია “კლანურობის” არა მარტო არსებობა, არამედ ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდება, ვისი მისამართითაც უნდა იყოს ის!”

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ვლადიმერ (ლადო) პაპავა “არა შარვაშიძე-სილაგაძე-პაპავა-ღაღანიძის კლანს”, – ამ შინაარსის პლაკატის ფონზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილის მიერ დეკანის, გიორგი ღაღანიძის გადადგომის მოითხოვნასა და შემდგომ განვითარებულ პროცესებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
პაპავა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
“ა.წ. 19 ივლისს გამოქვეყნდა შეურაცხმყოფელი წერილი, რომლის თანახმადაც მოხსენიებული ვარ, როგორც ”შარვაშიძე-პაპავა-სილაგაძე-ღაღანიძის კლანის” წევრად.
ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებამ მაიძულა ამ განცხადების გაკეთება.
უწინარეს ყოვლის, ჩემთვის, როგორც ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორისა და მოქმედი პროფესორისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ”კლანურობის” არა მარტო არსებობა, არამედ ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდება, ვისი მისამართითაც უნდა იყოს ის!
ცნობისათვის, ე.წ. კლანის წევრებიდან მეგობრული (და არა ”კლანური”) ურთიერთობა მაკავშირებს პრფესორ ავთანდილ სილაგაძესთან, რომელსაც ვიცნობ და რომელთანაც ვმეგობრობ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან (ჩვენ ვართ თანაკურსელები, თუმცა ვსწალობდით სხვადასხვა ფაკულტეტზე).
ხსენებული ”კლანის” დანარჩენ ორ წევრთან, თსუ-ის რექტორთან, ბ-ნ გიორგი შარვაშიძესთან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. გიორგი ღაღანიძესთან მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა, როგორც მოცემული უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის რიგით პროფესორს.
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის წინ გადაღებული საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილიდან უშუალოდ ვიცნობ მხოლოდ ერთს – ასოცირებულ პროფესორ ეკა ჩოხელს. მისმა გამოსვლამ უზომოდ გამაკვირვა და გული დამწყვიტა, რადგანაც ჩვენ შორის არსებული კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე ნამდვილად არ ველოდი მისგან დაუმსახურებელ ბრალდებას…
ამჟამად, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ფაკულტეტზე პროფესორ რევაზ გველესიანთან ერთად ვხელმძღვანელობ სადოქტორო პროგრამას, ვკითხულობ ლექციებს, ვახორციელებ სამეცნიერო კვლევას. არ გახლავართ არც ფაკულტეტის და, მით უფრო, უნივერსიტეტის რაიმე ხელმძღვანელი ორგანოს წევრი. ჩემი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე მონაწილეობა არ მაქვს მიღებული რომელიმე საკონკურსო კომისიის ფორმირებაში.
ნებისმიერი საკონკურსო პროცესის შედეგია გამარჯვებულები და დამარცხებულები. ამ უკანასკნელთ თავიანთი უფლებების დაცვა შეუძლიათ სააპელაციო კომისიაში (ცნობისათვის, ეს ინსტიტუცია თსუ-ში ჩემი რექტორობის დროსაა შემოღებული) კონკურსის შედეგების გაპროტესტებით და თუ აქაც ვერ მიიღებენ თავისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს, შემდეგ გასაჩივრების პროცესი შეუძლიათ, გადაიტანონ სასამართლოში.
პირადად მეც ძალზე გულდაწყვეტილი დავრჩი, როცა ერთ-ერთ ბოლო კონკურსში გამარჯვებულთა სიის მიღმა აღმოჩნდა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, ბატონი ვახტანგ ჭარაია…
რაც შეეხება უვადო პროფესორის სტატუსს (ამ თემაზეც არის საუბარი წერილში) – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ინსტიტუციის შემოღებაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობა დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ ჩემი რექტორობის დროს. მართალია, საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ამგვარი ინსტიტუციის შემოღებას იმ დროისათვის არ ითვალისწინებდა, თუმცა არც კრძალავდა. ამ პრინციპიდან გამომდინარე ჩემი რექტორობის დროს არაერთი ნოვაცია განხორციელდა უნივერსიტეტში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ასახული ხსენებულ კანონში. მაგალითად, შემოღებულ იქნა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუცია. იმავე გზით ვაპირებდი უვადო (ანუ ტენუირებული) პროფესორის ინსტიტუციის შემოღებასაც და თითქმის დასრულებულიც კი იყო შესაბამის დოკუმენტებზე მუშაობა, როცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის – კანონის დონეზე განისაზღვრა უვადო პროფესორის პოზიცია. ამან კი მოითხოვა უვადო პროფესორთან დაკავშირებულ ხსენებულ, თითქმის, მომზადებულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა, რაც ჩემი რექტორობის დროს უკვე ვეღარ მოესწრო, რადგანაც მომიწია თანამდებობიდან გადადგომა.
იმისათვის, რომ ფაკულტეტზე ან მთელს უნივერსიტეტში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელია, ამოქმედდეს ”აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სტანდარტი”, რომელიც ჩემი რექტორობის დროს სენატისა და აკადემიური საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით 2017 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ხოლო ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რატომღაც 2021 წლამდე გადავადდა. მხოლოდ ამგვარი ”სტანდარტის” საფუძველზე ეცოდინება საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ვინ რას წარმოადგენს საუნივერსიტეტო სივრცეში.
იმედს გამოვთქვამ, რომ ამ განცხადებით ამოიწურება ჩემ გარშემო ატეხილი დაუსაბუთებელი ბრალდება და, როგორც ერთი რიგითი პროფესორი, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ ფაკულტეტზეც და უნივერსიტეტშიც სუფევდეს მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი სასწავლო-სამეცნიერო ატმოსფერო”, – ნათქვიამი ლადო პაპავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები