ოთარ კახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომლებიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.
„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ, აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ.
ეს ასე არ არის.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:
1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;
2. საქმის წარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომლებიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.
ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა – პირიქით.
ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.