სოფიო ქაცარავამ დისკუსიაში – „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში” მონაწილეობა მიიღო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში – როგორ შევაჯეროთ მოლოდინები” მონაწილეობა მიიღო.
მან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა, საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო, ორმხრივ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ინსტიტუციურ, დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც წევრ ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ ინსტრუმენტებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
„ასეთი დისკუსიების გამართვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევაფასოთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობები, ის მხარდაჭერა, რაც მათგან მოდის და გამოწვევები, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს დაგვეხმარება, რომ არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად გარდავქმნათ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
დისკუსიის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს, ნატო-სკენ სწრაფვასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.
დისკუსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გერმანიის – ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, „შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა, „გერმანიის ბიზნეს ასოციაციის” წარმომადგენელმა – საშა ტერნესმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენელმა – სტეფან მეისტერმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ და ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა – ვიქტორია პალმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები