გურამ მაჭარაშვილი: ნიკა გვარამია საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული-ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მაღალი ევროპული სტანდარტების ტესტი, ფაქტობრივად, ჩააბარა.
“მინდა, გამოვეხმაურო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, ქართული მართლმსაჯულების მიერ „რუსთავი 2-ის” საქმეზე, არცერთ ეტაპზე და არცერთი მიმართულებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოკვეთილა. ამით ქართულმა მართლმსაჯულებამ, ფაქტობრივად, ჩააბარა მაღალი ევროპული სტანდარტების ტესტი.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2017 წლის 2 მარტს თავადვე დაუწესა ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღსრულების ნაწილში. კერძოდ, თუკი ქიბარ ხალვაში მოისურვებს, იუსტიციის სამინისტროს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, შეასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი.
სამწუხაროდ, „რუსთავი 2″, “ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში დანაშაულს უწოდებენ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებას და ამით, ერთი მხრივ, შეურაცხყოფენ საერთაშორისო ინსტიტუციას, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.
მათ უკვე არაერთხელ სცადეს სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაცია საქართველოში, რაც არ გამოუვიდათ და, ამჯერად, ცდილობენ დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღის მობილიზებას ახლა უკვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებით და პირდაპირ მოუწოდებენ საზოგადოებას ამ მაღალი დონის ინსტიტუციის დაუმორჩილებლობისკენ”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები