7 შვილის დედობიდან ევროკომისიის პრეზიდენტობამდე – ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი ქალია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა (383-მა ევროპარლამენტარმა) დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე, პირველი ქალია, რომელიც გერმანიის თავდაცვის მინისტრი გახდა. ამ პოსტს ურსულა 2013 წლიდან იკავებდა. ​
60 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში დაიბადა, გერმანიის კანცლერის უახლოესი თანამებრძოლია.
ურსულა ფონ დერ ლაიენის მამა, ერნესტ ალბერტი  ქვემო საქსონიის მინისტრი და ევროკომისიის ყოფილი გენერალური დირექტორი იყო.
ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბრიუსელიდან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მან ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი ჰანოვერში მედიცინას დაეუფლა.
წარმატებული პოლიტიკოსის კარიერის ფონზე, ურსულა პირად ცხოვრებასაც დიდ ყურადღებას აქცევს; მით უმეტეს, რომ ის შვიდი შვილის დედაა, რაც გერმანელი კარიერისტი ქალისთვის უჩვეულოა. პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო, ის მერკელის პარტიის წევრი გახდა და 2005 წელს მერკელმა საოჯახო საკითხების, ასაკოვანი მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების ფედერალურ მინისტრად დანიშნა.
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეც სწორედ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გახდა. ურსულა ოთხი წლის შემდეგ ბუნდესტაგში აირჩიეს. 2013 წლამდე კი შრომისა და საზოგადოებრივი საკითხების მინისტრი იყო.
ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი პოსტს 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები