ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ზე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ

„ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ და ბუნებრივია, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასე უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც წარმოებს რუსეთთან მიმართებით.
„რაც შეეხება ლავროვს, თუ არ ვცდები, მან გააკეთა განცხადება ანტირუსულ ისტერიკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც წარმოებს რუსეთთან მიმართებით, რა თქმა უნდა, წითელი ხაზების გათვალისწინებით. ბუნებრივია, წითელი ხაზები უკავშირდება, ოკუპაციის თემას და უკავშირდება ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას. ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, თუმცა ჩვენი პოლიტიკა იქნება, რა თქმა უნდა პრაგმატული, რაციონალური. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, თუ ვინმეს უნდა, რომ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები, ბუნებრივია, აქ ჩვენს მოწოდებას აზრი არ აქვს. არის კონკრეტული პარტია, პარტიები, ერთი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ამოცანები. რაც არ უნდა მოუწოდოთ ჩვენ, რომ სხვანაირად იმოქმედონ, ისინი, ბუნებრივია, საკუთარ კურსს არ შეცვლიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები