“რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არ იყო ერთი ჟურნალისტის გამონათქვამი, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ განცხადება”

„აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის, რაც მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის ეთერში და ეს არ იყო ერთი კონკრეტული ჟურნალისტის გამონათქვამი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს იყო საერთო პოზიცია, საზოგადოების განწყობაც იყო, რა თქმა უნდა, ასეთი. აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ და ეს არ იყო ერთი კონკრეტული ჟურნალისტის გამონათქვამი თუ გადაცემა, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული იმ ძალასთან, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ვითარების არევა და უნდათ, რომ ზიანი მიადგეს სახელმწიფოს, მოსახლეობას.
სამწუხაროდ, გარკვეულწილად მათ ამ მიზანს მიაღწიეს, ამ შემთხვევაში გიორგი გაბუნია და „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი. რეალურად, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დავუბრუნდეთ იმ სტატუს კვოს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გვქონდა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეს არ იყო კონკრეტული მედიასაშუალების, ან ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო პოლიტიკური ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანი, ეს არ იყო ხელისუფლებისთვის მიყენებული ზიანი, ეს იყო სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა, რაც უბრალოდ გაახმოვანა კონკრეტულმა ჟურნალისტმა, „რუსთავი 2“ ამ შემთხვევაში იყო არა მედიასაშუალება, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკა აქვს.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით. ზოგადად, საგარეო პოლიტიკური ხაზი არის მკაფიოდ გამოკვეთილი. ამ ყველაფრის შინაარსი რაც არის, ყველამ კარგად ვიცით და შედეგებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მარტივად შევადაროთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე და რაც ხდება 2012 წლის შემდეგ. მანამდე იყო სხვა პოლიტიკა, არაპრაგმატული პოლიტიკა. რბილად რომ ვთქვათ, ამან შედეგად მოიტანა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. დღეს რომ „ნაცმოძრაობა“ ატარებს აქციებს – „არა ოკუპაციას“, ეს არის მათი „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგი. მათ შედეგად მოიტანეს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია, მათ მოიტანეს მძიმე პრობლემები, მათ შორის ეკონომიკის კუთხით“, – აღნიშნა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ომი, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, თუმცა რომ არა ავანტიურისტული და მოღალატეობრივი ქმედებები, რომლებიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა, რუსეთს ამის საბაბი არ მიეცემოდა.
„ეს არის ძალიან მარტივი, რაც ყველამ კარგად იცის. რუსეთი ოცნებობდა, რომ შემოსულიყო საქართველოში საკუთარი იარაღით და საკუთარი ტანკებით; ამის საბაბი მათ არ მიეცემოდათ, რომ არა „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივი პოლიტიკა. პრაგმატულ პოლიტიკას, თავის ეკონომიკური ასპექტებით მათ შორის, მყარად უჭერს მხარს ჩვენი დასავლური თანამეგობრობა, დასავლელი პარტნიორები, და შესაბამისად, ჩვენ მივყევით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ პოლიტიკას. ამ პოლიტიკამ მოიტანა სერიოზული შედეგები მოსახლეობისთვის და სახელმწიფოსთვის და ეს შედეგები არის რადიკალურად განსხვავებული იმ შედეგებისგან, რაც ჩვენ გვქონდა 2012 წლამდე. სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი არის რადიკალურად გაუმჯობესებული ჩვენს ქვეყანაში. 2008 წელს გვქონდა კატასტროფული მდგომარეობა, რაც რადიკალურად არის გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, საფრთხეები რჩება, თუმცა იმ სიტუაციასთან შედარებით, რაც იყო 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ვითარება არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული, ამას აღიარებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ისინი მკაფიოდ და ძალიან მყარად უჭერენ მხარს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც აქვს თავისი პოლიტიკური ასპექტები, თავისი ეკონომიკური ასპექტები. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ინტერესებშია, რომ გადაგვახვევინოს ჩვენ ამ რელსებიდან, რასაც აქვს დასავლური მხარდაჭერა. აქ არის ძალიან ნათელი, მათ რაც უნდათ: ეს არის სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. მათ ეს ნაწილობრივ მოახერხეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები