ბიძინა ივანიშვილი: „ნაცმოძრაობა” შემოუძღვა რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს

ოკუპაციაში ლომის წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, უნდათ, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ჩამოდის დიდი რაოდენობით. იმ ძირითად პრობლემაში, რასაც ჰქვია ოკუპაცია, ლომის წვლილი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს. დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, შემოვიდეს, რუსი ჯარისკაცი უნდათ, რომ შემოვიდეს. ამას აკეთებენ, ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. იმ ოკუპაციაშიც ლომის წვლილია. რომ არა მათი დაუდევრობა, მათი ღალატი, მათი ქცევა, რუსი ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილი განმარტავს, რომ ამით ის საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლის გამართლებას არ ცდილობს, რადგან აღნიშნულს არანაირი გამართლება არ აქვს.
„არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსის ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. „ქართული ოცნებიდან“ ჩვენ ყველანი ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ. დღეს რომ გულზე იხატავენ „არა ოკუპაციას“, ესენი ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას? მათ მოახერხეს ქართული ტერიტორიების ოკუპირება. „არა ოკუპაციას“ როდესაც იხატავენ გულზე „ქართული ოცნების“ წევრები, მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოკუპაცია მომხდარიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებსა და რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლაზეც ისაუბრა.
„ის, რომ რუსი ტურისტი შემოდის, სწორედ რუსი ტურისტი, ის, რომ ვაჭრობა გვაქვს და სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა, რაც აუცილებელია. ეს ყველაფერი არის საჭირო, რათა მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს ბათუმში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრა გამართა, სადაც პარტიის რეგიონულ ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძე აირჩიეს. შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები