როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

21 ივლისის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით,​​ ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელ-ჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც, ასევე, მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი.​სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას არ პროგნოზირებენ.
“21 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში, დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსს მიაღწევს. მთიან რაიონებშიც აღნიშნული ტემპერატურა შენარჩუნდება, მაღალმთიან რაიონებში 20-25 გრადუსამდე გათბება ჰაერი. რამდენიმე გრადუსით მაღალი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ტემპერატურა, კერძოდ – შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონში, აგრეთვე, სამხრეთსა და ქვემო ქართლში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შეიძლება 31-36 გრადუსს მიაღწიოს, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – 25-30, მაღალმთიანეთში – დღის განმავლობაში 15-20 გრადუსი იქნება, თუმცა სამხრეთ მაღალმთიანეთში შესაძლოა მაქსიმალური ტემპერატურა 24-26 გრადუსი იყოს”, – აცხადებს დოდო გვაზავა.
ამასთან, მისივე ცნობით, შავი ზღვის პირას რაიონებში ცალკეულ დღეებში მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი ელ-ჭექით, ჰაერი 27-დან 29 გრადუსამდე გათბება. ​დედაქალაქში ცალკეულ დღეებში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ძირითადად, იგივე ნარჩუნდება. 19 ივლისის ჩათვლით მოსალოდნელია 31-33 გრადუსი სითბო, 20-21 ივლისს შესაძლებელია, მაქსიმალურმა ტემპერატურამ 36 გრადუსს მიაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები