ეკა ბესელია: შენი პოლიციელი არ უნდა დასაჯო, ეს იყო და არის სინდრომი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აღწევს

შენი პოლიციელი არ უნდა დასაჯო, ეს იყო და არის სინდრომი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აღწევს, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებამ ცალკეულ ეპიზოდებს დროულად არ უპასუხა და სამართლიანი რეაგირება სწრაფად არ მოხდა, ეს პოლიციის არა გადარჩენას, არამედ პირიქით, დემორალიზებას გამოიწვევს.

„მე ძალიან ვუფრთხილდები პოლიციელებისადმი ნდობას და ინსტიტუციურ ნდობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ იმ ცუდი საქციელისა და ძალადობრივი ქმედებებისგან უნდა გამოვარჩიოთ კარგი პოლიციელი, რომელიც განმუხტვას ცდილობდა და ძალას არ იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას თავს ესხმოდნენ. ასეთი პოლიციელი 20 ივნისის ღამეს ბევრი ვნახეთ“, – განაცხადა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ხელისუფლების ერთგვარი გაჯიუტება იმის გამო ხდებოდეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებით მმართველი პარტია პოლიციელთა დემორალიზებას ერიდება, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს არასწორი სტერეოტიპია.

„სწორი იქნებოდა ერთი – დროული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მეორე – დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ჩვენ შევქმენით ცალკე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც არ ამოქმედდა და ისევ გადავადდა ექვსი თვით. გადავადება სწორედ იმ დღეებში მოხდა, როდესაც ცხელი პოლიტიკური პროცესი იყო და ყურადღება არავინ მიაქცია. კი ვთქვი, მაგრამ ამ ამბავმა ისე ჩაიარა, როგორც არაფერი, თორემ წესით, ამ საქმეებს უნდა იძიებდეს დამოუკიდებელი ინსპექტორი და არა ის უწყება, რომლის მიმართაც გარკვეული კითხვები გაჩნდა“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ასეთი შემთხვევები, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, პირდაპირ ის იყოს საგამოძიებო ორგანო და არა ზედამხედველი, ან ყველაზე უკეთესი იქნებოდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, ხოლო რაკი ის გადავადდა და ვერ იმუშავებს, ამიტომ შეიძლება, ასეთი კომისია პარლამენტში შეიქმნას.

„თუ საჯარო სივრცეში სამართალდამცველების მიმართ ლაფის სროლა გაგრძელდება, ეს პირდაპირ ინსტიტუტს ურტყამს. გინდა თუ არა, ამდენი ნეგატიური და მასირებული შეტევა ქვეცნობიერში ილექება, რადგან ვხედავთ, რომ ეს არ ცხრება და მოთხოვნა არ იცვლება. ნურავინ დაითვლის, დღეს იქ ასი კაცი დგას, თუ ორმოცდაათი. ეს თვალის მოსატყუებელია. იმიტომ, რომ იგძნობა, კრიტიკული განწყობა დიდია“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამემ ბევრი შეცდომა და პრობლემა გააშიშვლა.

„პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო და ის მმართველ პარტიას დროულად რომ მიეღო, სიტუაცია განიმუხტებოდა. 20 ივნისის ღამემ ბევრი შეცდომა და პრობლემა გააშიშვლა. ამიტომ, შს მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს თუ არა, ეს არ ხსნის პრობლემებს და რთული სიტუაციის წინაშე მდგომ მმართველ პარტიას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც აკისრია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები