საქართველოს საგარეო უწყება: დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას

მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.
საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები