პრემიერი თბილისში “განათლების ქალაქის” მშენებლობის პროცესს გაეცნო

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება – დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
“განათლების ქალაქი”, თანამედროვე სტანდარტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან ერთად, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, ტექნოპარკს, რომელშიც „სტარტაპ” უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განივითარებენ, ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებს, კომაროვის ახალ სკოლას, ხელოვნების სკოლას, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სპორტული დარბაზსა და გარე მოედნებს მოიცავს.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა “განათლების ქალაქის” მშენებლობის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში განხორციელდება.
“ჩვენ მაისში დავაანონსეთ დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა. ეს არის 13 ჰექტარი ტერიტორია, სადაც აშენდება საშუალო სკოლა 1 500 ბავშვზე. აქვე იქნება კომაროვის სკოლა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები. ასევე, გვექნება ახალი პროფესიული სასწავლებელი და ხელოვნების სკოლა. ჩვენ მსგავს პროექტს ვახორციელებთ ბათუმშიც და ავაშენებთ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველგან იყოს ხელმისაწვდომობა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ბავშვების მომავალზე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
განათლების ქალაქის პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურ სამშენებლო მასალას გამოიყენებენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულებები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები