ნაზი ჯანეზაშვილი: უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბის ერთ-ერთმა კან­დი­და­ტმა საკუთარი ბინა დედამისს გადაუფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა

პარლამენტში დეპუტატების: ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მიწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე დამსწრეებს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრეს.

ნაზი ჯანეზაშვილმა დეპუტატებს ილონა თოდუას შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჯანეზაშვილის თქმით, მას აქვს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი წლების განმავლობაში საბჭოდან იღებდა.
„50-კაციან სიაში მოხვდა მოსამართლე ილონა თოდუა. მოსამართლე ილონა თოდუას საკითხი სწორად რომ შეესწავლათ და ვინმეს მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება, ის ამ სიაში ვერ მოხვდებოდა. ღია წყაროებზე დაყრდნობით გესაუბრებით მე ამის შესახებ.​ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეს, რომელსაც იმ ქალაქში, სადაც ის მუშაობს და არ აქვს სახლი, საბჭო უხდის საცხოვრებელი ბინის ქირის საფასურს. ეს არის ნორმალური, თუ მართლაც ამ ადამიანს იმ ქალაქში არ აქვს სახლი. ილონა თოდუა თბილისში მრავალი წელია, მუშაობს – 2007 წლიდან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2014 წლის 17 თებერვალს შემოდის მისი განცხადება და ილონა თოდუა ითხოვს, რომ აუნაზღაურონ აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები. ამის მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა მას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე არ იქნებოდა რეგისტრირებული უძრავი ქონება. ეს არის 17 თებერვლის დოკუმენტი. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს ლევან მურუსიძე – იმდროინდელი მდივანი და ამბობს რომ ილონა თოდუას გადაეცეს საცხოვრებელი ქირისათვის შესაბამისი ანაზღაურება. ყველაზე საინტერესო დეტალი ამ შემთხვევაში გახლავთ შემდეგი – 2014 წლის 12 თებერვალს გაფორმებულია ჩუქების ხელშეკრულება და ილონა თოდუამ ამ დოკუმენტით ბინა აჩუქა დედამისს. ანუ დედამისს ბინა აჩუქა 12 თებერვალს და ზუსტად 5 დღეში ის იღებს ქირის საფასურს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და ეს ადამიანი დღეს არის ამ 50-კაციან სიაში. ამ საკითხის შესწავლა, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. არც გამოძიება დაწყებულა, არც არავინ დაინტერესებულა, არის თუ არა ეს რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. მე, ასევე, მივიღე საერთო სასამართლოების დეპარტამენტისაგან ინფორმაცია, რომ იგი იღებდა აი ამ ანაზღაურებას ქირისთვის, დაახლოებით, 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს რომ დავიანგარიშე, დაახლოებით, 20 ათასი ლარია“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები