ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის ბრიფინგიც მიუთითებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სურთ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, დღევანდელი პროკურატურის ბრიფინგი ცხადყოფს, რომ ოპოზიცის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სურთ. მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელიც და სამართალდამცავიც, რომელმაც შესაძლოა, გადაამეტა უფლებამოსილებას.
„ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, თურმე, ეს იყო მშვიდობიანი შესვლის სურვილი. რეალურად, ეს იყო საფრთხე საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის, ეს იყო რეალური საფრთხე და ქმნიდა საფრთხეს ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის. საზოგადოებამ ნახა, როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა პოლიციაზე, როგორ ცდილობდა მოძალადე ჯგუფი პარლამენტში შეჭრას.
დღეს გამოდიან, რომ ეს ასე არ იყო და ისინი ცდილობენ. ფალსიფიცირებით, სპეკულაციებით. თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ეს მძიმე სანახავი და მოსასმენია. ნაცვლად იმისა, რომ იღებდნენ პასუხისმგებლობას, პირიქით, ირიბად მოუწოდებენ ამა თუ იმ ჯგუფებს, რომ მსგავსი ქმედება თუ განხორციელდა, შეიძლება, იყოს მოსაწონი. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგიც მიუთითებს, რომ ეს არის ტყუილი, რასაც ესა თუ ის ჯგუფები ახორციელებენ, რომ მათ სურთ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც შესაბამისი ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი, ასევე, ნებისმიერი სხვა პირი, თუნდაც სამართალდამცავი, რომელმაც შესაძლოა, გადაამეტა უფლებამოსილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები