112-ში ამერიკული პროგრამის დანერგვა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ში ე.წ. MPDS პროტოკოლების ტრენინგი მიმდინარეობს. აღნიშნული ტრენინგი ინციდენტის ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის – ProQA-ის დანერგვის პროცესის ნაწილია.

ProQA სპეციალური სამედიცინო, სახანძრო და საპოლიციო პროტოკოლების გამოყენებით მუშაობს და მისი მთავარი დანიშნულება ინციდენტის პრიორიტეტების მაღალი სიზუსტით დადგენა და ინციდენტის შესაბამისი სატელეფონო ინსტრუქციების გაცემაა. აღნიშნულ ტრენინგებში 112-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართული.

ტრენინგების გავლის შემდეგ, ინსტრუქტორები 112-ის ქოლცენტრის 300-მდე თანამშრომელს ProQA-ისა და მისი პროტოკოლების მოხმარებაში გადაამზადებენ. ProQA მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება და მისი პროტოკოლები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს გადაუდებელი შემთხვევების მართვის მსოფლიო სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ქართულად ითარგმნა და მას კულტურული კომიტეტების შეხვედრებზე ქართულ რეალობაზე მოარგებენ. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან 112-ის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ProQA – გადაუდებელი დახმარების ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა, წლის ბოლოს დაინერგება. პროგრამის მთავარი უპირატესობებია: ინფორმაციის დამუშავების პროცესის გამარტივება, ინციდენტის პრიორიტეტების სწორედ და შეუცდომლად განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარების რესურსის რაციონალური გადანაწილება და გადაუდებელი დახმარების დაწყება დარეკვისთანავე და მისი უწყვეტობა სატელეფონო კონსულტაციების გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები