გზების დეპარტამენტმა მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შეხვედრები ჩაატარა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს 10 რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. დასკვნითი შეხვედრა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართა.

​როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები შემდეგი მიმართულებებით წარადგინეს: დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; პროექტების დაგეგმვის პრინციპები; განსახლება (აღიარებითი კომისია, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; ხარისხის კონტროლი; მონიტორინგი და აღსრულება.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ. ჯამში,სულ 6 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრების მიზანი იყო ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, პროგრამის „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები