პირველი აგვისტოდან საათობრივი პარკირების შემოღებასთან დაკავშირებით თბილისის მერია საპილოტე პროექტს იწყებს

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მუნიციპალური პავილიონია განთავსებული. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას მიაწოდა და მოსახლეობას დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მუნიციპალურ პავილიონში მიიღებს სრულ ინფორმაციას, თუ როგორ ისარგებლოს უფასო პარკირებით, როგორ დარეგისტრირდეს ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge, სადაც საკუთარი ავტომობილის ნომერი უნდა მიუთითოს.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მიდგომა ეტაპობრივად, თბილისში სხვა ქუჩებზეც გავრცელდება.

„ყველას გვაწუხებს დედაქალაქში არსებული საცობები, ის, რომ შეუძლებელია ცენტრალური ქუჩებსა და უბნებში ავტომობილების გაჩერება. გვინდა, ეს პრობლემა გადაიჭრას. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ნამდვილად არ ვაპირებთ. უბრალოდ ვგეგმავთ, ევროპულ ქალაქებში განხორციელებული პროექტები ჩვენს დედაქალაქშიც დავნერგოთ. პირველი აგვისტოდან ვიწყებთ საპილოტე პროექტს საათობრივი პარკირების შემოღებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ავიღეთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მისი მიმდებარე ქუჩები, რათა პირველ ეტაპზე აქ განხორციელდეს საათობრივი პარკირება. მნიშვნელოვანია ის, რომ კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლებისთვის პარკირება იქნება სრულიად უფასო. ამისთვის საჭიროა, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით. პარკირება ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ზონალური პარკირების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ჩვენ მაინც მოვაწყვეთ მუნიციპალური პავილიონი, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოემსახურონ, დაეხმარონ მათ რეგისტრაციის გავლაში და საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე არ დადიოდა ავტობუსი და ჩვენი დავნიშნეთ რამდენიმე ახალი მარშრუტი, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მუნიციპალურმა ავტობუსმა იმოძრაოს. ეს არის ერთიანი კონცეფციის ნაწილი, რათა ადრე თუ გვიან, ჩვენ უფრო მეტად მოვიხმაროთ საზოგადოებივი ტრანსპორტი და ნაკლებად დავაბინძუროთ ჩვენი დედაქალაქი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge უკვე დარეგისტრირდა 114 პირი, ხოლო საინფორმაციო ჯიხურში 150-მდე პირს გაეწია კონსულტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები