საპატრიარქო პუტინის განცხადებაზე: ისტორიული ფაქტების ამგვარი დამახინჯება, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს

“არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ისინი მზადყოფნას გამოხატავენ იმისათვის, რომ ყველა მხარეს შეუწყონ ხელი ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში.
“9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.
ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.
​საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი”,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
​ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები