ლევან იზორია: ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა გაამართლოს

“ის, ვინც დღეს გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ყველა ფრთას აქვს სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი გამოსვლით სრულიად გაბათილდა.
“20 ივნისს, აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის დაცვის ვალდებულების შესაბამისად. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და, მეორე მხრივ, მართლწესრიგის უზრუნველყოფა. პოლიციამ უზრუნველყო ორივე ვალდებულების შესრულება. ყველა კითხვა შესაძლო გადაცდომებზე აუცილებლად უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, იქნება პასუხგაცემული. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, პირველ ყოვლისა, ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს, რეალურად, აკეთებს. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები