დავით ზალკალიანი: 20 ივნისს რამდენიმე ელჩი თავისით მივიდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ელჩების ნაწილი საკუთარი ინიციატივით აკვირდებოდა და ეს უწყების ეგიდით არ მომხდარა.

მისივე თქმით, სამინისტრო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიპლომატებს ინფორმაციას აწვდიდა.
„როგორც მოგეხსენებათ, 20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქ გასაკვირი არაფერი, მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ინფორმირების კუთხით. მათ აქვთ საკუთარი წყაროებიც. ბუნებრივია, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებითაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია გახლავთ, რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით.აქ არ არის საუბარი ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ფიზიკურად მივიყვანეთ. გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მგონი სხვა ელჩები, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყნის ელჩმაც უარყო 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება პარლამენტის შენობიდან.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ პარლამენტიდან ხედავდა 20 ივნისის ღამეს ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს და აღნიშნა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ელჩიც აკვირდებოდა მოვლენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები