გიორგი გახარია: 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები არის არალეტალური

0

ის ტყვიები არის არალეტალური, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონით გათვალისწინებულია სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ის საშუალებები, რომლებიც კანონით მას აქვს აღჭურვილობაში.

„ერთმნიშვნელოვნად და ყოველთვის, დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი“,- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, მათი პასუხისმგებლობაა, აქციაზე დაშავებულებზე იზრუნონ.

„გავიდა 22 დღე. დღეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში გვყავს ორი ადამიანი, რომელსაც ვმკურნალობთ. მერწმუნეთ, რომ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი და ჩვენ აქამდე იმიტომ ვიკავებდით თავს და ცოტა შეზღუდულები ვიყავით, რომ გვქონდა პოზიტიური ვალდებულება, ამ ხალხზე გვეზრუნა, ვიზრუნებთ ბოლომდე, მათ შორის მაკო გუმურზე. არ აქვს მნიშვნელობა რა შეფასება ექნებათ მათ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამას გავაკეთებთ.

ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. სხვანაირად ჩვენ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ. ეს იყო პარლამენტში ძალისმიერად შტურმის საშუალებით ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრის, რა მიზნით იყო პარლამენტში შეჭრა და ექნებოდა თუ არა ამას პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი