გავრილოვი საქართველოს “გარედან მანიპულაციისთვის სათამაშოს” უწოდებს – “როგორც სახელმწიფო, ალბათ, უკვე აღარ არსებობს”

“საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ, უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის”, – ამის შესახებ რუსეთის დუმას კომუნისტმა დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, სერგეი გავრილოვმა რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გავრილოვის გამოსვლის სრულ ტექსტს რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
მისი თქმით, ასამბლეის მონაწილეებმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები დაგმეს და დაასკვნეს, რომ ღონისძიება მომავალში ყველა მონაწილესთვის უსაფრთხო ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.
“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს. არანაირი ბოდიში არც რუსეთსა და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ. ამიტომ ასამბლეის მონაწილეებმა – 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალში ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველა მონაწილის უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან. ასეთი ქვეყანაა, მაგალითად, რუსეთი”, – თქვა გავრილოვმა.
კომუნისტმა დეპუტატმა, ასევე, აღშფოთება გამოხატა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე“.
ამასთან, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ ასამბლეის წევრი სახელმწიფოების ელჩებიც იმყოფებოდნენ თბილისში და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ უსაფრთხოების ზომების მიღებას მათი დელეგაციების მიმართ.
„ისინი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ არანაირი ზომები მიღებული არ ყოფილა“, – აღნიშნა გავრილოვმა.
რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებიც ანტირუსულ ლოზუნგებს იყენებდნენ და მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას ცდილობდნენ, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები