“ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ერთ-ერთი გზაა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისთვის”

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზაზა ბოხუა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანელს, ანდრეა ამონს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი მიმდინარე თანამშრომლობისა და სამომავალი ურთიერთობების ახალი გზებისა და მიმართულებების განხილვა იყო.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან (ECDC) და ჩართულია სამ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაში, როგორიცაა ეპიდემიოლოგიური საინფორმაციო სისტემა საკვებითა და წყლით გადაცემადი დაავადებებისა და ზოონოზების თაობაზე, საფრთხეების გამოვლენის პლატფორმა და ევროპის ეპიდზედამხედველობის სისტემა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ორმხრივი პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული მხარის ინტენსიური ჩართულობა ევროპის საგანმანათლებლო პროგრამებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობისა და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით.
„ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც გვაქვს გადასადგმელი სამომავლოდ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში. საუბარი იყო სამ მიმართულებაზე, რომელთაგან მთავარია განათლება. ასევე, ვისაუბრეთ საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების საკითხზე განათლების კუთხით“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი გზაა.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ხელმძღვანლის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან რამდენიმე მომართულებით, მათ შორის – ინფექციური დაავადებების კუთხით. იმედია, დღეს ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას კიდევ სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა, ადამიანური რესურსის განვითარება, ახალგაზრდა სპეციალისტების მეტი ჩართულობა ევროპულ სასწავლო, სატრენინგო პროგრამებში და გამოცდილების გაზიარება ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე ზედამხედველობის დახვეწის კუთხით. ვფიქრობ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობა ერთ-ერთი გზაა ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი ინტეგრაციისა და მეტი გამოცდილების გაზიარებისა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ მზად არის, გააძლიეროს შემდგომი თანამშრომლობა.
„ჩვენ დღევანდელ შეხვედრას დიდი ხანია, ვგეგმავდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა. დღეს განვიხილეთ სწორედ ის საკითხები, რომელთა ირგვლივ ვაპირებთ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებას. ჩვენთვის, ასევე, შესამჩნევია და მისასალმებელია მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდებით და შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ბევრი რამის სწავლა შეუძლია საქართველოსგან“, – განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორმა.
შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ მადლობა გადაუხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) დირექტორს ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები