გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე  მთის კურორტების განვითარების კომპანიის „გუდაურის მთის” დეპარტამენტის უფროსთან, ნიკო ჩქარეულთან ერთად  გუდაურში საზაფხულო სეზონის მიმდინარეობას გაეცნო.
„მიმდინარე წელს ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისს გაიხსნა და უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩამოსულ ტურისტებს განტვირთვისა და უსაფრთხო დასვენებისთვის ყველა შესაბამისი პირობა აქვთ შექმნილი“, – აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საბაგირო ტრასებით გადაადგილდნენ და კობისა და გუდაურის ულამაზესი ხედები დაათვალიერონ, მოაწყონ საცხენოსნო, ველო- და კვადროტურები, ისარგებლონ პარაპლანისტების მომსახურებით.
„გუდაური ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარული ადგილი ხდება როგორც რეგიონის, ისე – ქვეყნის მასშტაბით. კურორტმა ზამთრის სეზონზე 400 000-ზე მეტი დამსვენებელი მიიღო და მათ ღირსეული მასპინძლობა გაუწია. მჯერა, ზაფხულის სეზონიც ასეთივე წარმატებული იქნება”, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ დამსვენებლებს.
ცნობისთვის, ყოველდღიურ შემოწმებას გადის კურორტზე მოქმედი ყველა საბაგირო. მოსახლეობისა და ჩამოსული დამსვენებლების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები