ვასილ მაღლაფერიძე: „ღვინოში ჩაფსმა” არ არის, უბრალოდ, „წამოროშვა“, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ნიკა გვარამიას მიერ „რუსთავი 2-ის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს: „რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს!“

მისი თქმით, ესენი არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები.
„საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო!
„ღვინოში ჩაფსმის” მსურველთა ლიდერებიც და მიმდევრებიც იმდენად ერთი მასალითა და ყალიბით არიან შექმნილნი, მანამდე ნანახიც რომ არ ჰყავდეთ ერთმანეთი, ერთი შეხედვით ცნობენ თავისიანს და სხვისიანს (არც გარეშე თვალისთვის არიან ძნელი საცნობნი).
სხვა ბევრი სათნოებაც აერთიანებთ, თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ყველა ზღვარი გადალახული აქვთ, ყველაფრის თქმა-კადრება შეუძლიათ და „ღვინოში ჩა*სმას” არა მხოლოდ პირიდან ამოუშვებენ, არამედ, თუ მიუშვი, მართლაც ჩააფსამენ!
ჩააფსამენ კი არა, „ღვინოში ჩა*სმაა” მათი არსებობის მთავარი მიზანი! ოღონდაც, ესენი ფარისევალთაგან გაბრიყვებული ის ადამიანები კი არ არიან, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა საშინელ ცოდვას სჩადიოდნენ, არამედ თავად არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები, მიწა და წყალი არ არის მხოლოდ მატერია, ადამიანი არ არის მხოლოდ კუნთები და კუჭი და ამის იქით კიდევ არის ის რაღაც უხილავი, რომელიც ჩვენში უსტვენს „ვით საყდრის ჩიტი”.
სწორედ ამ უხილავსა და გამოუთქმელს ებრძვიან მაქციები და „ღვინოში ჩა*სმაც” ამ მთავარი სიწმინდის წაბილწვისა და მოსპობის რიტუალია.
„ღვინოში ჩა*სმა” არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს – ასეთ მუქარას, ასეთ სიბილწეს, ასეთ წამოცდენას, ქართული ცნობიერების მატრიცა აქამდე არ იცნობდა, ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად, რადგან ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც საერთო ღირებულებები, რაც ადამიანებად გვტოვებს.
ფიქრის თავისუფლად გამოხატვას სწორედ იმიტომაც არ უნდა ზღუდავდეს კანონი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით, აკრძალვების გარეშე არ თქვას, „ღვინოში ჩაგი*სითო”, ვინაიდან, თავად ადამიანად ყოფნა-არყოფნაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია და არა კანონით დადგენილი აუცილებლობა. გამოხატვის თავისუფლებასა და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩაა*სმევინებს! თუმცა, ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი და პროგრესის ორიენტირი უხმობს!”- აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
„რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები” შემდეგ რამ თქვა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუ*სი სამივეში, ფეხებზე მკიდია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები