სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყანა ევროპისგან ოკუპაციის საკითხზე უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდება. როგორც მან ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა, დემონსტრაცია, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, არის ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.
​პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გავა.
„აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ან დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება. დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს, არის ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე.
საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს დასხმია თავს არცერთ ქვეყანას. იგი აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას და ეს ხდება მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენ გვინდა, რომ ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით. დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური ყველაფრის მიუხედავად და ევროპული – აი, ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას. საქართველო არ უნდა ეძებდეს ფსევდოისტორიულ ადამიანებს, რათა დაამტკიცოს საკუთარი თავი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ისტორიისა და დიდი გზის პატრონია ჩვენი ქვეყანა. 2005 წელს მოლაპარაკებების შედეგად ბათუმიდან გავიდა რუსული გემი, რომელსაც გაჰქონდა რუსული შეიარაღება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ, ყველა მივიღებთ მონაწილეობას, თუ ჩვენ ავირიდებთ თავიდან შეცდომებს, აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. რეგიონში სტაბილურობა, შავ ზღვაზე სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსა და ყველა ჩვენი მეზობლისათვის. მთლიანად რეგიონსა და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიაზმი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა მივიდეთ იმ წერტილში, სადაც მივდივართ და თქვენთან ერთად ვიყოთ ევროკავშირში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები