“ჩვენი არჩევანია, გავაგრძელოთ ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე, თუ უცენზურო სიტყვებით დავკმაყოფილდეთ” – ჟორჟოლიანი რუსეთთან ურთიერთობაზე

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ტელევიზიით და რუსთაველზე დავკმაყოფილდეთ ხმამაღალი შეძახილებითა და უცენზურო სიტყვებით – ეს ჩვენი არჩევანია, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა.
„ჩვენ   კარგად უნდა გავიაზროთ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, ჩვენ სიტყვების ომში კი არ ვართ. როცა ვლაპარაკობთ, რომ ტერიტორიების ნაწილი დაკარგული გვაქვს, რეალურად, გვაქვს დაკარგული, ამას სიტყვები არ შველის, ამას სჭირდება საქმე. მთელი ეს პროცესი დამთავრდა იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა.
რუსეთს ჩვენი კონფლიქტური ტერიტორიები აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ რუსეთს, პირველ ყოვლისა, ამას ვედავებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ტელევიზიით და რუსთაველზე დავკმაყოფილდეთ ხმამაღალი შეძახილებითა და უცენზურო სიტყვებით – ეს ჩვენი არჩევანია, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. არ შეიძლება, რომ უამრავი ჯურის პროვოკატორს გადავაყოლოთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივები, უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ.
აშკარაა, რომ იმ ყველაფერზე პასუხი ვერ იქნებოდა ის, რომ, აი, თქვენ, ყველა რა ლამაზები ხართ. რა კარგია, რომ ასე აგინებთ რუსეთის ხელმძღვანელობას და ა.შ. ის, რომ ამ აღიარებას რაღაცა გამართლება მოუძებნა იმან, ვინც ეს აღიარება განახორციელა, ამაში მოულოდნელი რა არის? თუ ელოდით იმას, რომ პუტინი ადგებოდა და იტყოდა – ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, ხვალვე ამას გამოვასწორებთ და აღიარებას მოვხსნითო? ასეთი მოლოდინი ხომ ირაციონალურია. ხომ ვიცით, რომ ეს აღირება განხორციელდა, ამ აღიარებას საფუძვლად რაღაც  დაუდეს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი, არასამართლიანი და არაობიექტური არგუმენტებია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ვაიპროვოკატორები, ვაიპატრიოტები, თავისი მოქმედებით შეურაცხყოფენ იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ქვეყნის ერთიანობისათვის.
თუ ჩვენ ამ კონფლიქტების მოგვარება გვინდა. საქმე მდგომაროებს იმაში, რომ უნდა მოვაწესრიგოთ ურთიერთობა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ეს ურთიერთობები ახალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერსაც გამოეხმაურა, რა დროსაც გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს აგინა.
„გაბუნიას განცხადება არის შემადგენელი ნაწილი დიდი პროვოკაციისა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არჩევნების გარეშე, ძალადობის მეშვეობით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არ არის ერთი უზრდელი ჟურნალისტის ლაპარაკი, ეს არის საკმაოდ დიდი პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება ახერხებდა იმას, რომ პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული რუსეთთან, სამწუახროდ, ის ამ პროვოკაციებს აჰყვა და ამ პროვოკაციების მძევალი აღმოჩნდა, ეს არ შეიძლება, რომ გაგრძელდეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები