“კრიზისის გადაგორება ჩაეთვლება ისევ გახარიას, რომელიც ერთადერთია, რომელიც ჩანს და ამბობს – “მე ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას” – ეს მას აძლიერებს”

ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ თავის მოსაზრებების შესახებ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა.
​შარაშენიძის თქმით, გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო მომენტამდე პოლიცია ცდილობდა, მხოლოდ კორდონით შეეჩერებინათ მომიტინგეების შტურმი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე იყო ძალიან მომზადებული და როდესაც უკვე ძალიან გართულდა მათი შეკავება, იძულებულნი გახდნენ, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. ექსპერტის აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან თავდაჯერებულია და არ აპირებს არსად წასვლას.
„თუ ამ ამბავმა ჩაიარა და მთავრობამ გადააგორა ეს კრიზისი – კრიზისის გადაგორება, შესაბამისად, ჩაეთვლება ისევ გახარიას, რომელიც ერთადერთია, რომელიც გარეთ ჩანს და ამბობს – “მე ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას”, შესაბამისად, ის გაძლიერდება. ანუ ან გაძლიერდება ამ კრიზის შემდეგ ან დაიღუპება, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად. ასეთი სიტუაცია მივიღეთ. შევეცდები, ისეთ რაღაცას მოვყვე, რაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ იქნება, იმ პასპორტების არ იყოს. მე ვიყავი იქ იმ ღამეს. წამოვედი მანამ, სანამ დაიწყებოდა ის უბედურება, რაც დაიწყო სადღაც 12 საათზე. არ მომწონდა, რაც ხდებოდა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შევარდნის მცდელობას. ვხედავდი ამას, ეს ჩემთვის იყო მიუღებელი, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო იყო მიუღებელი იყო, ის დარბევა თავისთავად ცხადია. მე მომეჩვენა, შორიდან რასაც ვუყურებდი, რომ იქ მდგარი პოლიციის კორდონი და სპეცრაზმი და როცა დაიწყო ეს დარბევა, მე გამიკვირდა, რაში სჭირდებოდათ. გახარია ამტკიცებს, რომ უკვე რაღაც მომენტში ვეღარ აკავებდნენ და მოუხდათ მერე გამოყენება ამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების. ის ასე ამტკიცებს. ის ასევე ამბობს, რომ ბოლო მომენტამდე იმედი ჰქონდა, ფიზიკურად, ასე ჯაჯგურით შეაკავებდნენ ამ მომიტინგეებს, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობს, იყვნენ ძალიან კარგად მომზადებულები, ძალიან კარგად მოქმედებდნენ ტაქტიკურად, მაგრამ რაღაც მომენტში შეგვეშინდა, რომ, უბრალოდ, ვეღარ დავაკავებდითო. ისინი იყვნენ კარგად მომზადებულნი, კარგად იბრძოდნენ, გამოგლიჯეს ფარები პოლიციას. იმედი გვქონდა, შეგვეძლო, ფიზიკურად ვმდგარიყავით და მოგვეგერიებინა, მაგრამ რაღაც მომენტში გაჩნდა საფრთხე, რომ ვეღარ ვიგერიებდით. ამიტომაც გამოვიყენეთ ის საშუალებები, რამაც მოიტანა ეს უბედურება – ეს რასაც თვითონ ჰყვება. მე შორიდან რასაც ვუყურე, მეჩვენებოდა, რომ იგერიებდნენ ისინი წარმატებით მომიტინგეებს. არ ვიცი, სიმართლე, ალბათ, აღბეჭდილია კადრებზე და თუ კადრების ჩვენებას აპირებს, ძალიან კარგი. მე მგონი, ელოდება, რომ რაღაც პერიოდის მერე, როდესაც ვნებები დაცხრება, მერე თქვას თავისი სათქმელი, ასეთ შთაბეჭდილება დამრჩა. მინისტრი არ აპირებს არანაირად წასვლას, ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და არაფერი იგრძნობოდა, რომ წასვლას აპირებს. რაც უნდა მართალი იყოს, დავუშვათ, რომ მართალია, პოლიტიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და საინფორმაციო ომი წაგებული აქვს არა მხოლოდ მას, არამედ – მთავრობას და ეს მარტო გახარიას პრობლემა არ არის, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა ელემენტარულად ავტორიტეტული, ასე ვთქვათ, სახე, რომელიც ადამიანებს არწმუნებს, ვინც გამოვა და ხალხს დაამშვიდებს და დაარწმუნებს რაღაცაში. შესაბამისად, მე არ ვიცი, როგორ აპირებენ ისინი და, მათ შორის, გახარიაც საინფორმაციო ომის შემოტრიალებას, რაც უნდა სიმართლეები დადონ, მაინც გაუჭირდებათ ამ ფონზე“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები