ალექსეი პუშკოვი რუსეთის დუმას ნინო ქათამაძისთვის რუსეთში ჩასვლის შეზღუდვას სთხოვს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, ალექსეი პუშკოვი ქართველი მომღერლისთვის, ნინო ქათამაძისთვის რუსეთში ჩასვლის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე პუშკოვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რაზეც საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ მას ამ ინიციატივის ოფიციალურად წარდგენა შესთავაზა.
„ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ მას სძულს რუსეთი, თუმცა, ამავე დროს, ჩამოდის აქ კონცერტებში მონაწილეობისთვის და ფულის გამოსამუშავებლად, ამორალური და ცინიკურია. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებდით მასზე რუსეთის ფედერაციაში ჩამოსვლასთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების გავრცელებას“, – განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.
ფედერაციის საბჭოს წევრი, ასევე, მიიჩნევს, რომ ანალოგიური ზომები უნდა ამოქმედდეს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „რუსოფობიური რიტორიკით საუბრობს”. ალექსეი პუშკოვის განცხადებას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა.
„დარბაზის რეაქცია მხარს უჭერს თქვენს წინადადებას, მოდით, ფორმალური სახე მივცეთ მას“, – უთხა ვალენტინა მატვიენკომ საბჭოს წევრს.
შეგახსენებთ, მომღერალმა ნინო ქათამაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 22 ივნისს რუსეთში კონცერტში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ უსინათლო, 9 წლის გოგოს გამო ვერ თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში. „რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი“, – წერს ნინო ქათამაძე “ფეისბუქში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები