მამუკა არეშიძე: გიორგი გახარიამ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა
“გიორგი გახარიამ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ანალიტიკოსებთან შეხევდრაზე განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
„მინისტრმა მოჰყვა იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი; რა მოხდა, ზოგადად, 20 ივნისს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველაფრის თქმის საშუალება არ აქვს. მან განაცხადა, რომ არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს – თქვა, რომ ბოლომდე არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით ბრძანებაც ჩემი გაცემული იყოო. ისაუბრა ყველა ტიპის დარღვევაზე, რომელიც იქ მოხდა, თუმცა კონკრეტიკა არ იყო.
გახარიამ აღნიშნა, რომ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა იყო რამდენიმე შემთხვევაში. ერთ ეპიზოდსაც კი მოჰყვა – 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდა ერთერთიო. თქვა, ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ რა ჩაიდინაო.
ჩვენ აქტიურად ვთხოვდით, რომ გაგვაგებინოს, როდის იქნება რეზულტატი, როდის გაეცემა პასუხი მთავარ კითხვებს, რაზეც გვიპასუხა, რომ გარკვეული პასუხები უკვე არსებობს, მაგრამ, ჯერჯერობით, პროცესი მიმდინარეობს და ვერ გვეტყვის, ეს შესაძლოა, დროში გაიწელოს, რაც ჩვენთვის იყო არასასიამოვნო მოსასმენი და ზოგიერთმა ჩვენგანმა შესთავაზა სხვანაირი დაკმაყოფილება საზოგადოებრივი ინტერესისა, ანუ პროცესის მიხედვით. ჩვენი პოზიცია იყო ასეთი – საზოგადოება ითხოვს პასუხებს და ეს პასუხები კითხვებს რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს.
მე არ მჭირდება მინისტრ გახარიას აზრის მოსმენა იმისთვის, რომ ვიცოდე, გადატრიალება მზადდებოდა თუ არა. მე მივიჩნევ, რომ გადატრიალება მზადდებოდა. ამ თემაზე არ გვქონია საუბარი“, – განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ დახურულ შეხვედრაზე ანალიტიკოსებს შეხვდა. საუბრი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
თამუნა შეყილაძე