ლევან სურგულაძე: საინვესტიციო და ოპერაციული რისკები ძალიან მკაცრად და კვალიფიციურად გაკონტროლდება
,,საინვესტიციო და ოპერაციული რისკები ძალიან მკაცრად, კვალიფიციურად გაკონტროლდება და ეს ყველაფერი იქნება საუკეთესო დასავლური სტანდარტების მიხედვით“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრას ინვესტორთა საბჭოს წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან სურგულაძის შეფასებით, ბიზნესსექტორს საინვესტიციო საბჭოს წევრებთან საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდა.
,,კითხვები იყო დაცულობაზე, ჩვენი სააგენტოს სტრუქტურაზე. პასუხები გავეცით ამომწურავად, თუ როგორ იქნება დაცული ეს ყველაფერი, როგორ მოხდება ინვესტიციები, როდის დაიწერება საინვესტიციო პოლიტიკა. ეს ყველაფერი გაიწერება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში და ზუსტად ამის მიხედვით მოხდება ინვესტირება“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
საინვესტიციო საბჭოს წევრები თბილისში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
მათ უკვე დაიწყეს საინვესტიციო პოლიტიკის მონახაზზე მუშაობა. საინვესტიციო საბჭოს უფროსმა ოფიცრის კანდიდატურასა და რისკის სტრუქტურის საკითხებზე იმსჯელა.