დიმიტრი ლორთქიფანიძე: გიორგი გაბუნია არის პროვოკატორი, რომელმაც დაგეგმა ერთა შორის შუღლის გაღვივება

“გიორგი გაბუნია არის პროვოკატორი, რომელმაც დაგეგმა და შეასრულა ერთა შორის შუღლის გაღვივება”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძე გადაცემა P.S -ის გუშინდელ ეთერს გამოეხმაურა, სადაც ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა.
„გიორგი გაბუნია პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ის დამნაშავეა, მან ერთა შორის შუღლი გააღვივა. ამასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს პროკურატურამ. გაბუნია არის პროვოკატორი, რომელმაც დაგეგმა და შეასრულა ერთა შორის შუღლის გაღვივება. გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და ყველა ის ორგანიზატორი პირი, რომელიც მიზნად ისახავდა მასობრივ დესტაბილიზაციას ერთა შორის შუღლის გაღვივების მიზნით, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში მუხლით, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, გაბუნიას გუშინდელი ქმედება უპრეცედენტო ხასიათის პროვოკაცია იყო.
„მე, როგორც „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვალდებული ვიყავი, ვყოფილიყავი გუშინ საღამოს „რუსთავი 2-თან“ გამართულ აქციაზე. უპრეცედენტო ხასიათის პროვოკაციამ, რომელიც დაგეგმილი იყო „რუსთავი 2-ში“, რომელიც განახორციელა მისმა ჟურნალსიტმა – გიორგი გაბუნიამ, პოტენციურად შეიწირა ძალიან ბევრი ადამიანის ბედი. ჩვენ არ ვიცით ახლა, ამ წუთებში რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე მოქალაქეობის არმქონე პირების, ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა რა ხარისხშია, რა პრობლემები ექნებათ მათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი ზარი შემოდის. ისინი აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, პოტენციურად რეპრესიების, წნეხის ქვეშ დააყენა „რუსთავი 2-მა“ , რაც ძალიან სერიოზული ჩანაფიქრის ნაწილი იყო. გარდა ეთნოსთა შორის დაპირისპირების პროვოცირებისა, ეს არის პირდაპირ  ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაც.
20 რიცხვიდან უკვე 18 დღე გავიდა. ეს არის ისტერიული შეტევა ქართული ფსიქიკის მდგრადობაზე. საქართველოში იწყება და ვერ მთავრდება ჩაფიქრებული „თბილისური მაიდნის“ სცენარი.
ის, რაც გიორგი გაბუნიამ გააკეთა პირდაპირ ეთერში, არ იყო ემოციების ფრქვევა; ეს არ იყო მისი პირადი დამოკიდებულება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ. ეს იყო დაგეგმილი, წინასწარ შეცნობით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებზე პირდაპირ განსახორციელებელ წნეხისა და რეპრესიული მანქანების ამოქმედებას, რომელსაც ბევრი ქართველი უნდა შესწირვოდა. მათი ჩანაფიქრით, ეს გამოიწვევდა 2006 წლის მოვლენებს, რაც მასობრივი დეპორტაციის ფონზე გაზრდიდა უკმაყოფილებას ქართულ საზოგადოებაში როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ისე – საქართველოს ტერიტორიაზე.
ქართული საზოგადოება დაუყოვნებლივ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შს სამინისტროსა და პროკურატურისგან, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს თბილისში ამ 18 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები