რუსი ტელეწამყვანი: გაბუნიას სიტყვის შემდეგ, არავის უნდა ჰქონდეს საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების ილუზია, ის ფინანსურად უნდა დაისაჯოს

რუსი ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიევი საკუთარ ტელეგრამ-არხში “რუსთავი 2”-ის წამყვანის გიორიგ გაბუნიას ვლადიმირ პუტინის მისამართით უცენზურო მონოლოგს გამოეხმაურა და დაწერა, რომ გაბუნიას სიტყვის შემდეგ, არავის უნდა ჰქონდეს საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების ილუზია და რომ დროა ყველამ “სიმართლეს თვალებში ჩახედოს”.
“ეს არ იყო მხოლოდ ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია. ეს არის არხის პოზიცია. არხის მმართველობა დე ფაქტოა, რაც პირდაპირ ეთერში ბინძური გინების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც დადასტურდა. საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოზიცია კი ეჭვს არ იწვევს”, – დაწერა სოლოვიევმა.
ამასთან ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა აღნიშნულ ფაქტს განაწყენებულმა არ უნდა უპასუხოს, არამედ ის “ფინანსურად უნდა დასაჯოს”.
“იქნებ უკვე დროა შეზღუდვები დაწესდეს ბაზარზე ქართულ პროდუქციაზე? იმ რუსულ კომპანიებს კი, რომლებსაც თანხის ქართულ ბიზნესში ჩადებისკენ მიისწრაფვოდნენ, თანაგრძნობა არ სჭირდებათ. ისინი მშვენივრად აცნობიერებდნენ ყველანაირ რისკს. დადგა დრო მშვიდი, პრაგმატული პასუხისა და არა ემოციურის. საკმარისია, ყოველთვის ყველაფერში დამნაშავედ თავის მიჩნევა”, – დაწერა რუსმა ტელეწამყვანმა.ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე გამოძიება დაწყებულიყო, ასევე, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინათ არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები