ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა
“მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იყო უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება.
მისი თქმით, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოხდა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედების განსახორციელებლად, რაც ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ასევე – პოლიტიკის მორალურ პრინციპებს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილები იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები.
“რაც შეეხება გამოძიებას – ჩვენ პარლამენტის დადგენილების პროექტით მივიჩნევთ, რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილები იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები; ასევე, გამოძიებული უნდა იყოს სრულად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევები. ჩვენ მივესალმებით სახალხო დამცველის ჩართულობას ამ პროცესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ჩართულობა ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.