“ორანჟერეის ძალიან ხშირი სტუმარი ვიქნები” – სალომე ბაკურაძე

მომღერალი სალომე ბაკურაძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას იწონებს და მიიჩნევს, რომ ქალაქში ორანჟერეის მსგავსი სივრცეების ნაკლებობაა. როგორც მომღერალი განმარტავს, ასეთ ადგილს ის თავადაც სიამოვნებით ეწვეოდა.
“იდეა, რა თქმა უნდა, მომწონს. ყველგან ასეთი სივრცეების ნაკლებობაა. თუ რამე ახალი შენდება, ის აუცილებად კვების ობიექტია ხოლმე და არა ასეთი, საზოგადოებრივი დანიშნულებისა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ შემეძლება, ბავშვები გავასეირნო, დავათვალიერო და დავისვენო კიდეც. ასე რომ, ორანჟერეის ძალიან ხშირი სტუმარი ვიქნები”, – აღნიშნავს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე  მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს – “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
პროექტის ავტორი კომპანია “სტუდია 9-ის” საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი – მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენასა და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები