ეკა ბესელია: 20 ივნისს დასახიჩრების ბრძანება არ გაიცემოდა და ამ აზრისგან შორს ვარ

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია 20-21 ივნისის ღამეზე საუბრობს და აცხადებს, რომ განვითარებულ პროცესებზე პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს.
ბესელიას თქმით, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ ახერხებს, ცალკეული პირების უკანონო მოქმედება შეაჩეროს, ესე იგი, უწყებას ვერ მართავს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამოძიებაში ის უწყება არ უნდა ერეოდეს, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს.
„ვფიქრობ, ორივე პასუხისმგებლობა დაგვიანდება. უწყების ხელმძღვანელის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მყისიერად უნდა მოჰყოლოდა, ხოლო რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას – არ არის საკმარისი, რომ უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე ადამიანს. საუბარია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები შესაძლოა, ორი პირის მიმართ იყოს, თუმცა ვნახეთ კადრები, სადაც გაცილებით მეტი სპეცრაზმელი და ძალოვანი უწყების თანამშრომელი კანონის მიღმა მოქმედებს, ანუ, ისეთი მეთოდებით, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მგონი, დაგვიანდა ამ პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოყოფა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს ადამიანის უფლებები მძიმე ფორმებით დაირღვა.
„უცნაურ რამესთან გვაქვს საქმე. სრულიად გაუგებარია არგუმენტი, რომ ცალკეული პირები, თითქოს, თვითნებურად და ბრძანების გარეშე მოქმედებდნენ. მაშინ  სად იყო პასუხისმგებელი პირი, მინისტრი ან მისი მოადგილე, ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირები და ეს პროცესი რატომ არ შეაჩერეს? თუ თვითნებობა იყო, მისი შეჩერების ბერკეტები ხელმძღვანელ პირს აქვს. რატომ არ მოხდა, პასუხები ვერ მივიღეთ. დასახიჩრების ბრძანება არ გაიცემოდა და ამ აზრისგან შორს ვარ, მაგრამ იმიტომ გვაქვს კითხვები, რომ ამის დაშვება მოხდა და ეს პროცესი არავინ შეაჩერა“, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები