საქართველოს რკინიგზა: შტადლერის მატარებლებში 2 ენაზე გამოცხადებული ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება

საქართველოს რკინიგზა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში 2 ენაზე – ქართულად და ინგლისურად მოახლოებულ სადგურებზე ინფორმაციის გამოცხადების შესახებ განმარტებას აკეთებს. მათივე თქმით, ყოველივე ეს გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
“საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს, დახვეწოს და განავითაროს სერვისები.
შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც, განცხადებების ხანგრძლივობის გამო, მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებასა და დისკომფორტს.
შესაბამისად, თითქმის 4 თვეა, სს “საქართველოს რკინიგზამ” მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების გადაწყვეტილება.
​ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ოთხი თვეა, შტადლერის სამგზავრო მატარებლებში შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, სს “საქართველოს რკინიგზის” აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები