„გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეს განვითარებული პროცესების პასუხისმგებელია, მაგრამ მისი გადადგომა ახლა ფარსის ტოლფასია“
“როგორ მოხდა მიტინგის დაშლა, შეურაცხყოფილმა პოლიციელებმა რა გადაიტანეს, ეს ყველამ ვნახეთ და გამოძიება მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ აქციის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე შს მინისტრი, გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი, მაგრამ მისი გადადგომა ახლა ფარსის ტოლფასია.
„გამოძიება თავის საბოლოო სიტყვას აუცილებლად იტყვის. სხვა გზა არ არის. მეტ-ნაკლებად ემოციები დაცხრა და შესაძლებელია, რომ ამ პროცესებს მთლიანობაში შევხედოთ, გავაანალიზოთ, რა წინაპირობა ჰქონდა ამ ყველაფერს. სტაბილურობასა და მშვიდობაზე ხელი ძალიან ბევრს ექავებოდა, ძირითადად, „ნაცმოძრაობასა“ და მიტმასნილ პარტიებს. ქვეყნის გარედანაც ბევრი გამადიდებელი შუშით უყურებდა, ამათი მშვიდობა როდემდე უნდა გაგრძელდესო. მუდმივად მიზეზების ძებნა იყო. მუხტი და მიზეზი არც იქნებოდა, რომ არა ჩვენი დაუდევრობა, წინდაუხედაობა და სიბეცე. ორი წლის მანძილზე, თურმე, ითხოვდნენ თბილისში მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას და აზრად არავის მოსვლია, რომ წელს მისი პრეზიდენტი ვინმე გავრილოვი, რუსეთის დუმის წარმომადგენელი იყო. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის პროტესტის მიზეზი, პარტიებისთვის კი საბაბი იყო და მათ მომზადება დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ახლოს მდგომი „ევროპული საქართველო“, ამ პროვოკაციისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატის თქმით, შს მინისტრმა პარლამენტი შტურმისა და დიდი ქაოსისგან დაიცვა.
„პასუხისმგებლობას თავიდან არავინ აირიდებს, აქციაზე რადენიმე ადამიანმა მხედველობა დაკარგა, ეს არის შემაძრწუნებელი, თუმცა ეს რომ არ მომხდარიყო, არავითარი ზედმეტი კითხვები გაჩნდებოდა. პოლიციელებს გაუჩნდათ არა მხოლოდ მოგერიების ფარგლებში, არამედ ზოგიერთ პოლიციელს ანგარიშის გასწორების წყურვილიც გაუჩნდათ. გამოძიება გაარკვევს, ეს ინდივიდური გადაწყვეტილება იყო, თუ საერთო ბრძანება. როდის უნდა ყოფილიყო წყალი, გაზი, რეზინის ტყვიები როგორ და რანაირად ყოფილიყო, ზემოთ ესროლეთ, მარჯვნივ ესროლეთ, ბუნებრივია, გახარია ვერ უკარნახებდა“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.