კახა ძაგანია: მოვუწოდებ მომიტინგეებს, არ აყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების პროვოკაციულ განცხადებებს
“მიხეილ სააკაშვილს ერთადერთ ინსტრუმენტად დარჩენია მიტინგები, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს”, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ძაგანიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა.
„სააკაშვილს ერთადერთ ინსტრუმენტად დარჩენია მიტინგები, რომ ხელი შეუშალოს პროპორციული არჩევნების ჩატარებას, მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას. რა მოთხოვნებსაც აყენებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ეს აბსურდია. მოვუწოდებ მომიტინგეებს, საზოგადოებას, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პროვოკაციულ განცხადებებს იმიტომ, რომ ისინი არიან პროვოკატორები, მათ უნდათ პროვოკაციის საშუალებით ქვეყნის სათავეში მოსვლა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. სულ არ აინტერესებთ არც არჩევნები და არც მრავალპარტიული პარლამენტი, მათი ხატია სააკაშვილი და ბიბლია – „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, მომიტინგეებს, ზოგადად, საზოგადოებას, ცოტა მეტი პოლიტიკური გამჭრიახობა და საზოგადოებრივ-სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, დაფიქრდნენ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. მიდის გამოძიება, არავის გადადგომა-გადმოდგომა არის საჭირო“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.