კარლო კოპალიანი: ნიკა მელიას თუ ჰქონდა იმუნიტეტი, მე არ მქონდა 2011 წელს იმუნიტეტი? საქართველოს მაშინ ხომ ეს ხალხი მართავდა?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი 2011 წლის 26 მაისის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ მომიტინგეთა დარბევას ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ვინც 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედგნენ სათავეში.
მისი თქმით, 26 მაისს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო ხალხზე ნადირობა, საკუთარ ხალხზე ძალადობა.
„კარგად მახსოვს, 26 მაისის მიტინგის მონაწილე ვარ, მაშინ დეპუტატი გახლდით და პარლამენტის წინ ვიდექი. ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო ხალხზე ნადირობა, საკუთარ ხალხზე ძალადობა. იმ ღამეს ათასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს, დაახლოებით, 2000 მომიტინგეს 4-5 ათასი ადამიანი დაესხა თავს, ბრძანება იყო გაცემული, რაც უფრო მეტ ადამიანს სცემდნენ, მით უფრო მეტ პრემიას მიიღებდნენ, უფრო მეტად დაფასდებოდა მათი გარჯა. ამას ხელმძღვანელობდნენ ის ადამიანები, ვინც 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედგნენ სათავეში. მე ვნახე რუსთაველის პროსპექტზე სისხლით მორწყული ქუჩები. როდესაც დამაკავეს, სამოქალაქო ფორმიანი, ალბათ, კუდის მაშინდელი თანამშრომელი იყო, რომელმაც გააფრთხილა სპეცრაზმელები, ეს პარლამენტის წევრია და ცოტა ფრთხილად მოეპყარითო. რაც მანამდე მომხვდა, სამჯერ მეტი მომხვდა ამის შემდეგ. მათზე არ მოქმედებდა პარლამენტის წევრობა. ნიკა მელიას თუ ჰქონდა იმუნიტეტი, მე არ მქონდა 2011 წელს იმუნიტეტი? საქართველოს მაშინ ხომ ეს ხალხი მართავდა. ის ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩემ გვერდით, პარლამენტში სხედან. ამ ადამიანების ჩადენილია ეს ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ მათ არავითარი უფლება აქვთ, ილაპარაკონ ვინმეს გადადგომაზე და, საერთოდ, მე მათ ოპოზიციას არ ვუწოდებ. ისინი არიან ქართველი ხალხის სისხლსა და ცრემლში ყელამდე ჩამდგარი ადამიანები“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუ „პირისპირში“.