მაია ცქიტიშვილი: გამოძიება აჩვენებს, 21 ივნისს სისტემურ დარღვევებთან გვქონდა საქმე თუ ცალკეულ შემთხვევებთან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, შს მინისტრის პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ის რჩება თანამდებობაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას, რათა სისტემა გამართულად მუშაობდეს. მისივე განცხადებით, ოპონენტების შეფასება არასწორია, რომ საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ყაყიჩაშვილის უფლებამოსილების შეჩერება “ჯოხის გადატეხაა”.
„შსს-ს თითოეული ღირსეული და კეთილსინდისიერი თანამშრომელი, მათ შორის – რიგითი პოლიციელები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, 21 ივნისის ღამეს იცავდნენ პარლამენტს და იცავდნენ კანონს, ამ ადამიანების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული, პირველ ყოვლისა, იმ არასამართლიანი ზეწოლისგან, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდანაა და ძალიან ინტენსიურად ცდილობენ, რომ გადაიტანოს ეს დღის წესრიგში, მოხდეს ამ ადამიანების არასამართლიანად შეფასება.
შს მინისტრის პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად.
​ვერ დავეთანხმები ოპონენტებს შეფასებაში, რომ საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ყაყიჩაშვილის უფლებამოსილების შეჩერება “ჯოხის გადატეხაა”. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაშიც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, როგორც მე ვიხილე, უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ პროცესში ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რათა გამოძიების სრულ ობოექტურობას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, გამოძიება აჩვენებს შემდგომში, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, საერთოდ რასთან გვქონდა საქმე – სისტემურ დარღვევებთან თუ ცალკეულ შემთხვევებთან. გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, იქნება ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომელსაც ყველა სამართლებრივი სახელმწიფო მიჰყვება და რასაც ჩვენც უნდა შევეჩვიოთ, რომ არა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების სურვილის მიხედვით მოხდეს ამა თუ იმ პირის დასჯა, არამედ – ძალიან დეტალური, გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები