ანრი ოხანაშვილი: დაველოდოთ გამოძიებას, შს მინისტრის ვალდებულებაა, რომ ბოლომდე მიიყვანოს პროცესი

“ვნახოთ, რა შედეგებიც დადგება 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით, იმ შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ ჩვენ და თავად შს მინისტრიც კონკრეტულ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც მინისტრი მოიქცა იმ ვითარებაში, ეს მისი ვალდებულება იყო.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პოლიციელი, რომელიც იცავს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას, იყოს დაცული. თუმცა, თუკი იქ იქნება ისეთი, ვინც ჩაიდენს შესაძლო დანაშაულს, მასზე უნდა მოხდეს დროული რეაგირება, მისი გამოვლენა. ეს პროცედურა მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არათუ ვინმესთვის უფლებამოსილების შეჩერება, არამედ რეაგირება არ ხორციელდებოდა საერთოდ.
გიორგი გახარიამ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მინისტრი ვალდებული იყო, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველეყო, მან ეს გააკეთა და დაიცვა ჩვენი, ყველას უსაფრთხოება და წესრიგი.
მინისტრი აცნობიერებს, რომ ვალდებულია, კანონზე დაფუძნებით განახორციელოს გამოძიება და წარმართოს პროცესი, რაზეც შემდგომაც ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე. მინისტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ გამოიკვეთოს ყველა შესაძლო სამართალდამრღვევი, ამის შემდგომ, დავინტერესდებით მინისტრის პოზიციით ამასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაველოდოთ გამოძიებას, მისი ვალდებულებაა, რომ ბოლომდე მიიყვანოს პროცესი. ჩვენ დაველოდებით მის პოზიციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები