გოროვნისა და ჩარდახის გზების მოასფალტება მიმდინარეობს
წეროვნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში 2019 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ სხალტბისა და ჩარდახში სკოლისკენ მისასვლელი გზის მოხრეშვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
„დასრულდა, ასევე, გარე განათების მოწყობა წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის დასახლების უბნებზე. ამავე პროგრამით განხორციელდება წეროვნის საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობაც. მიმდინარეობს გოროვანში წყაროსთან მიმსასვლელი გზისა და ჩარდახის ქვედა უბნის ქუჩის მოასფალტება, რომელთა სიგრძე, ჯამურად, კილომეტრ-ნახევარს შეადგენს. კეთილმოწყობის სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ასრულებს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება. დაგეგმილია გოროვანში არსებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, სადაც განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშისთვის საჭირო მოწყობილობები, გაკეთდება ფრენბურთის ბადე და აღნიშნული ტერიტორია შემოიღობება“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.