გია ბარამიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგანაც კი გასაკვირია გადაწყვეტილება, რომელიც მელიას საქმეზე ძალაში დარჩა

“მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ ივანიშვილზე დაქვემდებარებული სასამართლოსგანაც კი გასაკვირი არის, რა გადაწყვეტილებაც დატოვა ძალაში მოსამართლემ”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქარველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტის წევრს რაღაცნაირად შეიძლება შეეზღუდოს უფლებამოსილება.
“ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ არა მარტო უნდა აცნობოს პროკურატურას სახლიდან გასვლის შესახებ, არამედ ნებართვაც უნდა მიიღოს პროკურორებისგან, რომ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ეს თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. ნიკა მელიამაც თქვა, რომ აუცილებლად განახორციელებს თავის საპარლამენტო უფლებამოსილებას და არანაირ ნებართვას პროკურატურისგან ამის გამო არ ითხოვს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა და დამატებითი კონტროლისთვის ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა, რომელიც ელექტრონულ სამაჯურს გულისხმობს. ასევე არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საჩივარი, რომლითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ ნიკა მელიას აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს პოტენციურ მოწმეებზე, რომლებიც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ნიკა მელიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. „გასათვალისწინებულია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მასზედ რომ შეეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს,რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე,რომ ბრალდებული მოახდენს ზეგავლენას, შევა მათთან ფარულ გარიგებაში,რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და ფლობენ ინფორმაციას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, არიან მისი მხარდამჭერებიც. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს მათთან ფარულ გარიგებაში შესვლას და მატ დაყოლიებას არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება, აღნიშნული ქმედებით, ნიკანორ მელია ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს”, – განაცხადა საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.
დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას მიერ მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები